აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორება

კობახიძე აშშ თავდაცვის აქტის შესწორებაზე: მყარად ვართ დარწმუნებულები, რომ პროექტი არ გავა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მიერ აშშ-ის თავდაცვის აქტში ინიცირებული შესწორებების პროექტი "არ გავა". 

"რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც არის ინიცირებული, ჩვენ ვართ ძალიან მყარად დარწმუნებულები, რომ ეს პროექტი არ გავა". – თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

ქართული ოცნების დეპუტატმა თავად სენატორზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას დიდ პატივს სცემს, თუმცა სენატორ რიშს აქამდეც გაუკეთებია ისეთი განცხადებები, რაც ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების პროექტი ტაბულამ 26 ივნისს მოიპოვა. 

ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ, გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის, ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

მმართველმა გუნდმა სენატორ რიშის მოწოდება არ გაითვალისწინა და 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენამდე ერთი საათით ადრე გამართულ სასამართლო პროცესზე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. 

კომენტარები