ტამანის პორტი

ანაკლიის ნაცვლად ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთში, ტამანში ამოქმედდა

portnews.ru

ქერჩის სრუტესთან მდებარე ტამანის სატვირთო ტერმინალი მზად არის ყველაზე დიდი სატვირთო გემები მიიღოს.

ამიერიდან ღრმაწყლოვან პორტს შეუძლია 220 000 ტონის ტვირთის მქონე ხომალდი მიიღოს – ყველაზე დიდი ხომალდი, რომელსაც ბოსფორის სრუტეში გაცურვა შეუძლია.

ამჟამად ექსპლუატაციაში შესულია ოთხი ნავსადგომი. მათ შეუძლიათ მიიღონ 20 000 ტონიდან 220 000 ტონამდე ტვირთის გემები.

ნავსადგომებზე უკვე განთავსდა გემებიდან ან გემებზე გადასატვირთი მანქანა, რომელთა ტრანსპორტირების სიმძლავრე საათში 14 000 ტონაა. 2020 წლის ბოლოსთვის გემების დატვირთვის მთლიანი პროდუქტიულობა გაიზრდება და საათში 30 000 ტონას გაუტოლდება.

ტამანის ტერმინალი OTEKO ჯგუფის პორტია, რომელიც სპეციალურად ნახშირის, გოგირდისა და მინერალური სასუქების ტრანსპორიტირებისთვის არის შექმნილი.

ტამანში წლიურად 60 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი (50 მლნ ტონა ნახშირი, 5 მლნ ტონა გოგირდი და 5 მლნ ტონა სასუქი).

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ბაზარზე მოთხოვნის გაზრდისა და რუსეთის სარკინიგზო შესაძლებლობების გაზრდის შემთხვევაში, 18 თვეში შესაძლებელია ტერმინალის მოცულობა 100 მლნ ტონამდე გაიზარდოს. 

ტამანის ნავსადგურზე ერთდროულად მაქსიმუმ 6 ხომალდის დატვირთვა შეიძლება.

გასულ წელს გავრცლებული ინფორმაციით, ტამანის პორტს რამდენიმე მეწილე ეყოლება. ერთერთი, ანდრეი ბოკარევი, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა პუტინთან დაახლოებულ ოლოგარქთა სიაში შეიყვანა. ტამანის პორტის მეწილედ განიხილავდნენ, ვლადიმირ სკოჩის, პილენძის კომპანიის მფლობელს და საინვესტიციო კონგლომარატის მეწილეს, რომელსაც პორტის კიდევ ერთი შესაძლო მეწილე, ალიშერ უსმანივი, პუტინის ახლო მოკავშირე, მართავს. სკოჩის შვილი აშშ-ს სანქცირებულთა სიაში არის შესული, სანქციები ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამლვის საქმეს ეხება. კიდევ ერთი, ანდრეი მენიჩენკო, ოლიგარქთა სიაშია.

ტამანის პორტის კონკურენტი ანაკლიის პორტი იყო. იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტა დააანონსა.

იანვარში "ქართული ოცნების" წევრმა, რომან კაკულიამ ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმის ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.

ანაკლიის პროექტის გაჩერებას ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს უკავშირებს.

"მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ანაკლიის პროექტს ემტერება. ესაა საქართველოს და რუსეთის მთავრობები," - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მთავრობის გადაწყვეტილება.

ამერიკელმა კონგრესმენებმა პრემიემრინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერეს, სადაც თქვეს, რომ საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება.

კონგრესმენები გახარიას წერენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ მასში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას ხელი შეუშალა.

2019 წელის 11 ივნიის საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ".

2019 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი, მეთიუ ბრაიზა ანაკლიის პორტზე ამბობდა, რომ პორტს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მაისში ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და აშშ-ს სახაზინო მდივანს, სტივენ მნუჩინს ბიძინა ივანიშვილზე, რუსეთზე და აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებზე წერილი მისწერეს. წერილში სენატორები ანაკლიიდან ამერიკული კომპანიის გაგდებაზეც საუბრობენ. ისინი წერენ, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის პორტის ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემსუბუქებას. 

22 მაისს, კონგრესმენმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერის მთავრობას მოუწოდარომ ანაკლიის პროექტში სწრაფად ჩართონ ამერიკული ინვესტიციები.

კომენტარები