ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: ქუჩაში მცხოვრები ბავშვები სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგისგან დაუცველი არიან

europewatchdog.info

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა მძიმეა. ისინი სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. პრობლემურია მათი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და განათლების უფლებებზე.

ომბუდსმენის ანგარიში 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა და იგი, ასევე, განიხილავს იმ პრობლემებს, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. ანგარიშის მიხედვით კვლავ პრობლემად რჩება შესაბამისი უწყებების მიერ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

„გარდა ამისა, მრავალ სისტემურ ხარვეზთან არის დაკავშირებული იმ ოჯახების გამოვლენა და პრევენციული ზომების მიღება, სადაც არსებობს საფრთხე, რომ ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში აღმოჩნდეს“, - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევებიც.

"სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და მათი კვალიფიციური დახმარება. ასევე, კვლავ არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის კვლავ არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები". 

ომბუდსმენი თავის ანგარიშში მედიის მიერ ბავშვებში სუიციდის გაშუქებასაც ერთ-ერთ პრობლემად აფასებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, საკითხის გაშუქებისას, გამოკვეთონ სუიციდის თავიდან აცილების და პრობლემის გადაჭრის მეთოდები და არასრულწლოვნებში „მიბაძვის“ ეფექტის თავიდან ასაცილებლად, არ მოახდინონ მსგავსი შემთხვევების „რომანტიზება“.

ომბუდსმენის შეფასებით, მძიმე მდგომარეობაა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებითაც. კვლევაში წერია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ორიენტირებული არ არის ასეთ ოჯახებში სიღარიბის აღმოფხვრაზე, ოჯახების გაძლიერებაზე, მხარდაჭერასა და ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე.

რაც შეეხება მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებს, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ეს პროგრამები უმეტესად ერთჯერადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დროულ და სრულ დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შედეგად, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება სასწავლო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობა. მათი განცხადებით, სახელმწიფო უწყებები არ არიან ორიენტირებული ამ პრობლემების აღმოფხვრაზე.

„სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის რეაგირების მექანიზმი, დისციპლინური სახდელები, დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ორიენტირებული პრობლემის აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევაში ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და მათ რეაბილიტაციაზე“, - წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატის კვლევაში გამოვლენილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დარღვევებიც. კვლევის მიხედვით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ არაერთი საჭიროება განათლების უფლების ეფექტიანად განხორციელების, სოციალური ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ფსიქოსოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრებისა და აღზრდის სათანადო დონის უზრუნველყოფის თვალაზრისით.

„გამყოფი ხაზის მიმდინარე სოფლებში ბავშვები ჩართული არიან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადგილზე არაფორმალური შემეცნებითი აქტივობების არარსებობის გამო, რასაც მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებიც ემატება, არასრულწლოვანები სოციუმში სათანადოდ არ არიან ინტეგრირებულები.

სოფლების ნაწილში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მოქმედ ბაღებსა და სკოლებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. სკოლებში უმეტესად არ აქვთ ბუფეტი, სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი. სოფლების დიდ ნაწილში არ მოქმედებს ადგილობრივი ამბულატორიები, რაც ბევრ პრობლემას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ბავშვების, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას", - წერია ომბუდსმენის ანგარიშში. 

კომენტარები