ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: ციხეში მყოფ ტრანსგენდერ პირს ჰორმონალური მედიკამენტის მიწოდებაზე უარი უთხრეს

ომბუდსმენმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სამედიცინო მომსახურებაზე ტრანსგენდერი პატიმრებისთვის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან მათი საჭიროებების განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხი კვლავ პრობლემურია.  

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში მყოფ ტრანსგენდერ პირს, რომელსაც სქესის ტრანზაქციის პროცესში მუდმივად ესაჭიროებოდა ჰორმონალური მედიკამენტები, პენიტენციურმა დაწესებულებამ მედიკამენტების მიწოდებაზე უარი უთხრა. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, მას უარი უთხრეს ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზეც. ანგარიშის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში თქვეს, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და, ასევე, დასახელებული არ ყოფილა კონკრეტული პრეპარატები, "ვერ მოხერხდა ჩატარებული ჰორმონული თერაპიის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა".

"ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული, მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. "ტრანსსექსუალი, ტრანსგენდერი და არაკონფორმული გენდერის პირებისთვის სამედიცინო დახმარების სტანდარტების (SOC)" თანახმად, ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულ (მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) გარემოში ცხოვრობენ, იმ მომსახურების იდენტური უნდა იყოს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, იმავე საზოგადოებასა და არაინსტიტუციონალიზებულ პირობებში რომ იმყოფებოდნენ. პირებს, რომლებიც ინსტიტუციებში უკვე დანიშნული ჰორმონული თერაპიის სათანადო სქემით ხვდებიან, იგივე ან მსგავსი თერაპია უნდა გაუგრძელდეთ. მოცემულ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმამ კი, უგულებელყო განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები". - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

სახალხო დამცველმა პენიტენციურ სამსახურს გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა, რათა გაატაროს ღონისძიებები სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებასა და ჰორმონალური მედიკამენტების შეუფერხებლად მიწოდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები