არჩევნები 2020

თალაკვაძე: ვფიქრობ, გახარია იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად დასახელებას იმსახურებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს. 

"მე ვფიქრობ, ის [გიორგი გახარია] იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება" - ამბობს თალაკვაძე. 

კითხვაზე, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, თალაკვაძე პასუხობს:

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ეს არის COVID 19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტიანი მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო, დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა"

ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისის ღამის შემდეგ იმსახურებს თუ არა საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელებას, თალაკვაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე იგივე პასუხი ექნება, წლების შემდეგაც. 

"როდესაც სახეზე იყო შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე და სახეზე იყო ორსაათიანი ძალადობა პოლიციელებზე, პოლიციამ და შსს-მ იმოქმედეს ადეკვატურად. შესაბამისად, მაშინ მინისტრმა და სამინისტრომ იმოქმედეს იმ ფარგლებში, როცა მათ უნდა შეესრულებინათ კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებული ვალდებულება",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

კომენტარები