კვირის მთავარი თემა ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში სწორედ გაბუნიას მოსაკლავად ჩამოვიდა. მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი თქვა, რომ დაკავებულს მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა. მიზეზი გაბუნიას მიერ 2019 წელს გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებაა. მაშინ გაბუნიას მონოლოგს პუტინი და კადიროვი გამოეხმაურნენ. კადიროვი მას დაემუქრა და თქვა, რომ “გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს”.
საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაბუნიას მონოლოგი მყისიერად დაგმეს და ჟურნალისტი პროვოკატორობაში, “სახელმწიფოს და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან თამაშში”, დაძაბულობის გაღვივებასა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს.
შეკვეთილი მკვლელობის თემაზე მათი კომენტარები ასეთი მწვავე არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ უნდა დადგინდეს, ვის ინტერესებში იყო დანაშაულის ორგანიზება, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ უფლება არ აქვს სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს. ზურაბიშვილი ასევე უარს ამბობს, კომენტარი გააკეთოს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარაზე.
“მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს, დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ ვაფასებ ჯერ კადიროვის მუქარას, მე არ მაქვს უფლება, რომ გავაკეთო კომენტარი, ველოდები, რომ გამოძიება დასრულდეს". – თქვა ზურაბიშვილმა.
ჩეჩნეთის ლიდერისა და მთლიანად რუსეთის ხელისუფლების მიერ ოპონენტებისა და ჟურნალისტების მკვლელობის დაკვეთა გასაკვირი არ არის. შეგვიძლია, გავიხსენოთ არაერთი შემთხვევა, როგორც წარსული, ასევე უახლესი, როდესაც მათ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა თუ დაქირავებული მკვლელების საშუალებით სცადეს პოლიტიკური ოპონენტების, კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების საქმეებზე მომუშავე ჟურნალისტების, აქტივისტების, ადვოკატებისა თუ ბიზნესმენების ჩამოშორება.
მიუხედავად ამისა, ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთს, პუტინისა და კადიროვის სახელებს არ ახსენებს საქართველოს მთავრობის არცერთი მაღალჩინოსანი და ხელისუფლების წარმომადგენელი. აუცილებელი არ არის, შეფასების ან არსებულ ვარაუდზე კომენტარის გასაკეთებლად ქვეყნის ლიდერი გამოძიების დასრულებას დაელოდოს და, შეგვიძლია, ამის მაგალითი მოვიძიოთ უახლოეს წარსულში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ქვეყნის პრემიერმინისტრმა რუსეთი გამოძიების დასრულებამდე დაადანაშაულა და დიპლომატებიც გააძევა.
ყოფილი რუსი ჯაშუში, 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, 33 წლის იულია სკრიპალი სოლსბერის პარკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს 4 მარტს. 7 მარტს პოლიციამ გამოაცხადა, რომ ისინი ნერვული აგენტით მოწამლეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა. უკვე 12 მარტს პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ ნერვული აგენტი რუსული წარმომავლობის იყო და, დიდი ალბათობით, დანაშაულის უკან რუსეთი იდგა, 14 მარტს კი გამოაცხადა, რომ ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდნენ და რუსეთი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა.
"ეს იყო ან პირდაპირი ქმედება რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა პოტენციურად კატასტროფული ზიანის მომტან ნერვულ აგენტზე და დაუშვა მისი სხვების ხელში ჩავარდნა". – თქვა მან.
ამ დროს არათუ გამოძიება არ იყო დასრულებული და ეჭვმიტანილები გამოკვეთილი, ისიც კი არ იყო დადგენილი, რა ნივთიერება გამოიყენეს სკრიპალების მოსაწამლად. მიუხედავად ამისა, 15 მარტს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებდნენ.
17 მარტს რუსეთმა გამოაცხადა, რომ პასუხად 23 ბრიტანელ დიპლომატს აძევებდა და სანქტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოსა და ბრიტანულ საბჭოს ხურავდა. აშშ-მ 60 რუსი დიპლომატი გააძევა. ჯამში, 22-მა ქვეყანამ 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა.
აღსანიშნავია, რომ 3 აპრილს სამხედრო კვლევით ცენტრში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით დანამდვილებით არ იცოდნენ, რუსული იყო თუ არა მომწამლავი ნივთიერება, რომელიც სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. მხოლოდ 17 აპრილს დადასტურდა, რომ ეს იყო ნივთიერება ნოვიჩოკი. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდნენ სერგეი სკრიპალიც და მისი ქალიშვილი, თუმცა, ნოვიჩოკის შემცველი ფლაკონის პოვნის შემდეგ ბრიტანეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა რუსეთი დაადანაშაულა ბრიტანეთის გამოყენებაში შხამის ნაგავსაყრელად და კრემლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
2018 წლის სექტემბერში ბრიტანეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ საკმარისი მტკიცებულება ჰქონდათ რუსეთის ორი მოქალაქის, ალექსანდერ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის ბრალეულობის დასამტკიცებლად. ტერეზა მეის განცხადების მიხედვით კი გაირკვა, რომ მთავრობას ისინი GRU-ს აგენტებად მიაჩნდა. იმ დროისათვის ეს დადასტურებული ფაქტი არ ყოფილა.
2018 წლის ოქტომბერში Bellingcat-ის გამოძიების შედეგად ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა ამოიცნეს, 2019 წელს კი დაადგინეს, რომ ოპერაციაში GRU-ს მესამე აგენტიც მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში სერგეი ვიაჩესლავოვიჩ ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა, სინამდვილეში, დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.
რუსეთი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
თუმცა ბრიტანეთშივე შეგვიძლია მოვიძიოთ რეაგირების სხვაგვარი მაგალითი, რომელმაც, ექსპერტების აზრით, რუსეთს შეუქმნა წარმოდგენა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმის მოწყობა ძვირად არ დაუჯდებოდა.
ბრიტანეთში მოკლული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) ყოფილი ოფიცრის, ალექსანდერს ლიტვინენკოს მეუღლემ, მარინა ლიტვინენკომ თქვა, რომ ამჯერად ბრიტანეთის მთავრობის რეაგირება უფრო სწრაფი იყო, თუმცა კვლავ არასაკმარისი. მას მიაჩნდა, რომ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის სანქციები უნდა დაეწესებინათ და ეს სანქციები უნდა გასცდენოდა მაგნიტსკის აქტით განსაზღვრულ სავიზო შეზღუდვებსა და ანგარიშების გაყინვას.
მიუხედავად იმისა, რომ ლიტვინენკომ სიკვდილამდე თავად დაწერა წერილი, რომელშიც თავის მოწამვლაში პუტინი დაადანაშაულა, მისი მკვლელობის გამოძიება რამდენიმე წელს გაგრძელდა და 2016 წელს ოფიციალური გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნებით დასრულდა, რომელმაც დაადგინა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, პუტინის დაკვეთილი იყო.
ტერეზა მეიმ, რომელიც მაშინ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა საერთაშორისო კანონების უხეში და მიუღებელი დარღვევა იყო. მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, ბრიტანეთი შემოიფარგლა მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის ანგარიშების გაყინვით და ინტერპოლით მათი დაკავების ორდერის გამოცემით. მანამდე, 2007 წელს, ბრიტანეთიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევეს.
კრემლში გამოძიების ანგარიშს დასცინეს. პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ტერმინი “შესაძლოა” მათი საკანონმდებლო სისტემისათვის მიუღებელია და ვერდიქტად ვერ აღიქმება.
2018 წლის ბოლოს Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების მკვლევარმა, დუნკან ალენმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ სწორედ ლიტვინენკოს საქმეზე ბრიტანეთის მთავრობის სუსტმა პასუხმა განაპირობა ის, რომ კრემლმა სოლსბერიში ახალი თავდასხმა მოაწყო. ალენს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის აგრესიულ რიტორიკას ასეთივე ქმედებები არ მოჰყოლია და მიუხედავად სკრიპალის საქმეზე შედარებით მკაცრი რეაგირებისა, ის მაინც დიდად არ განსხვავდებოდა ლიტვინენკოს შემთხვევისგან და მხოლოდ მის უფრო მკაცრ ვერსიას წარმოადგენდა. ალენი ამას უწოდებს “შეკავებას უგულებელყოფის გზით”, რამაც, მისი აზრით, შესაძლოა, რუსეთს მომავალში გაურთულოს მსგავსი თავდასხმის განხორციელება ბრიტანეთში, თუმცა, სხვა მხრივ, ეფექტური არ იქნება. მას მიაჩნია, რომ სანაცვლოდ ბრიტანეთმა უნდა მიმართოს “დასჯის გზით შეკავების” მეთოდს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ფინანსური და ზედამხედველობითი ინსტრუმენტები და დააწესოს ისეთი სანქციები, რაც რუსეთისათვის რეალურ მატერიალურ ზიანს მოიტანს.
“ბრიტანეთი აგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს და მიიჩნევს, რომ ბიზნესინტერესების განცალკევება შესაძლებელია პოლიტიკური ურთიერთობისაგან, რომელიც უფრო და უფრო კონფრონტაციული ხდება”. – წერს ალენი.
ბრიტანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც რუსეთისა და ჩეჩნეთის ლიდერების დაკვეთით მსგავსი თავდასხმები ხდება. გავიხსენოთ ზელიმხან ხანგოშვილის საქმე. 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. მიუხედავად სამხილებისა, რომლებიც რუსეთის ჩართულობაზე მიუთითებდა, პირველ თვეებში საქმეს საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა. დუმილს ამჯობინებდნენ საქართველოს მთავრობაშიც.
საქმეს თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა, დეკემბერში საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დანაშაულში სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობენ. მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. “ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან”. – თქვა კანცლერმა ანგელა მერკელმა.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად მხოლოდ გუშინ, 18 ივნისს წარუდგინა. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა. გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა თქვა, რომ “გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით.”
გერმანიის რეაგირების ფონზე, საქართველოს მთავრობაში კვლავ დუმან. თუმცა, ეს გასაკვირი არაა, რადგან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის მაისში თბილისის ცენტში მოხდა, ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლების უმოქმედობის გამო ხანგოშვილმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფრის პოვნა ევროპაში სცადა.
მაგალითები აჩვენებს, რომ ხელისუფლების უმოქმედობას რუსეთის მხრიდან თანამშრომლობა, ან ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისა და მათ ტერიტორიაზე თავდასხმების მოწყობის შეწყვეტა კი არ მოსდევს, არამედ ყველაფრის უარყოფა და იმავეს გამეორება მოჰყვება.