ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: ვაკის პარკამდე მონაკვეთზე ასფალტის ბოლო ფენას ვაგებთ, მერე განათებებს შევცვლით

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკამდე მონაკვეთზე, ასფალტის ბოლო ფენის დაგება ორ დღეში დასრულდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დაიწყება "დახაზვის სამუშაოები" და შეცვლიან განათების ბოძებს.

"დღეს, ამ წუთში დაიწყო ბოლო ფენის დაგება, მოასფალტება, ის დარჩენილი მონაკვეთი ვაკის პარკამდე ორი დღის განმავლობაში, ორშაბათისთვის იქნება მთლიანად დასრულებული. 

პარალელურად, გრძელდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, გამწვანების სამუშაოები და ბოლო ეტაპზე უკვე იქნება დახაზვები, რადგან ახალ ასფალტზე არ შეიძლება საღებავის გადასმა, ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესს და ბოლოს მოხდება დახაზვის სამუშაოები, განათების ბოძების შეცვლა და ახალი სანათების დაყენება

გამზირიც საინტერესო გამოდის, ახალი პროექტია, აქაც ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლებია გამოყოფილი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული გადაადგილების საშუალება ქალაქში". – თქვა თბილისის მერმა.

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები მთლიანად 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა. 

კომენტარები