ლგბტქ ადამიანების უფლებები

ქორწინების უფლება, პოლიტიკური დისკუსია და ლგბტქ თემის ბრძოლა გადარჩენისთვის

26 წლის ელენე (სახელი შეცვლილია) 6 თვეზე მეტია, შეყვარებულ გოგოსთან ერთად ცხოვრობს.

როგორც თავად ყვება, იმ ფაქტს, რომ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული არ აქვთ, მათთვის ჯერჯერობით ხელი არ შეუშლია, თუმცა, შეიძლება წარმოიშვას მთელი რიგი პრობლემები, რომლებთან შეჯახების შემთხვევაშიც შესაბამისი დოკუმენტის არარსებობა შეაფერხებთ.

მაგალითად, თუ ერთი მათგანი საავადმყოფოში მოხვდება, მეორეს მონახულების უფლება არ ექნება, ვინაიდან ოჯახის წევრად არ ჩაითვლება, ვერ აიღებენ საერთო სესხს ქონების შესაძენად და სხვა.  

"მართალია, საბედნიეროდ, ასეთი პრობლემა ჯერ არ შეგვქმნია, მაგრამ, შეიძლება რომელიმე ჩვენგანი საავადმყოფოში გადაიყვანონ და მეორე არ შემოუშვან. იურიდიულ დონეზე რომ არსებობდეს სამოქალაქო პარტნიორობა, ან, სულ ერთია, რა ერქმევა, რაც ჩვენნაირ წყვილებს ჰეტეროწყვილებთან გაათანაბრებს, უფლებრივად, კარგი იქნება". - ყვება ელენე.

მისივე თქმით, საქმე მხოლოდ პრობლემებში არ არის.

"პრობლემების მიღმაც გვინდა [ქორწინების უფლება], რატომაც არა. თუ რაღაც შეუძლიათ ჰეტეროწყვილებს, რატომ არ უნდა შეგვეძლოს ჩვენ. არ გვაქვს ცხოვრების რამე სხვა სტილი, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ისინი არიან სხვადასხვა სქესის წყვილები, ჩვენ კი ერთი და იმავე სქესის წყვილი ვართ. ჩვენს ცხოვრებაში სხვა ყველაფერი სტანდარტულია. ნორმალური ოჯახი როგორც ცხოვრობს, ისე ვცხოვრობთ. ამიტომ გვინდა, თუ სხვას რამე უფლება ეძლევა, ჩვენც გვეძლეოდეს". - ამბობს ის.

"თემის წევრები გადარჩენისთვის იბრძვიან"

მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის უფლების არარსებობა როგორც ელენეს, ისე ლგბტქ თემის სხვა წევრებს წინაღობებს უქმნის, მათი მთავარი საზრუნავი ქორწინების უფლება არ არის.

მაშინ, როცა თემის წევრები ყოველდღიურად ხდებიან დისკრიმინაციის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, წინა პლანზე სხვა პრობლემები იწევს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, თემის წევრები გადარჩენისთვის იბრძვიან. 

“თემის წევრებს ბევრი ეკონომიკური და სოციალური პრობლემა აქვთ. ადამიანები არ აკეთებენ ქამინგ აუთს. ოჯახებმა მათი იდენტობისა და ორიენტაციის შესახებ ხშირ შემთხვევაში არ იციან. თუ ვინმე წყვილად ცხოვრობს, გამოსავალს ქვეყნიდან გაქცევაში ხედავს", - ამბობს Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი და დანანებით აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან დასავლეთის ქვეყნებში ათობით ადამიანი გავიდა, რაც თემისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია.

გიორგი თაბაგარი
ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არის აქტუალური ლგბტქ ქორწინების საკითხი.

"განა იმიტომ, რომ ლგბტქ ქორწინება სულ აკრძალული იქნება, უბრალოდ ამ ეტაპზე ეს საკითხი ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც თემის წინაშე დგას".

ამ პოზიციას ლგბტქ+ სათემო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ხელმძღვანელი, დავით კახაბერიც იზიარებს. 

კახაბერი გვეუბნება, რომ თანასწორობის მოძრაობა ლგბტქ+ სტრატეგიას გეგმავს და გადაწყვეტილებებს თემთან შეთანხმებით, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე იღებს, შეხვედრების, კვლევების, ფოკუსჯგუფებისა და თემის წევრებისგან მიღებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

“ლგბტქ ადამიანები სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან. არ არსებობს ჰორმონული თერაპია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, არაფერს ვამბობ განათლებაზე. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრა დღეს ან ხვალ, გაცილებით დიდი ზიანი მიადგება თემს, ვიდრე ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის საკითხის ღიად დატოვება მიაყენებს. ამიტომ ამ თემაზე აქტიურად არ ვმუშაობთ. ის დღემდე რჩება ჩვენს სტრატეგიაში, მაგრამ არ არის N1 საჭიროება", - ამბობს კახაბერი.

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქ თემის წევრები და აქტივისტები მთავარ პრიორიტეტად ქორწინებას არ ასახელებენ, ბოლო რამდენიმე წელია, ეს საკითხი პერიოდულად აქტიური განხილვის საგანი ხდება, უმეტესად ნეგატიური, ჰომოფობიური კონტექსტით. 

ქრონოლოგია: 

2017 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალის და კაცის ერთობა. 

საქართველოს კონსტიტუციის წინა რედაქციის 36-ე მუხლის მიხედვით, ქორწინება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარებოდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ისედაც განსაზღვრულია, რომ ქორწინება “ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, რაც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას გამორიცხავს და მის “აღსაკვეთად” კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერების გაკეთება საჭირო არ იყო. 

მიუხედავად ამისა:

  • 2012 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც ამ ჩანაწერში სიტყვა “მეუღლეების” შეცვლას ითვალისწინებდა “ქალის და კაცის თანაცხოვრებით”.
  • 2014 წელს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას მიმართა, ოჯახის შესახებ ჩანაწერი შეცვლილიყო და განსაზღვრულიყო, როგორც არა მეუღლეების, არამედ, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. 
  • ინციატივას საფუძვლად ჰომოფობიური მოტივი ედო. ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განისაზღვრებოდა, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, თუმცა იმისათვის, რომ არასწორად არ გაგებულიყო, სასურველი იყო ამის კონსტიტუციაში ჩაწერა. 
  • 2016 წლის 27 იანვარს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრავს. 
  • ტატიშვილის სარჩელიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შს მინისტრს მიმართა, უზრუნველეყო მისი დაცვა, ვინაიდან, შესაძლოა, შექმნილი ვითარება პროვოკაციებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ეკლესია ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევა. 2013 წელს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მცირერიცხოვანი აქცია, ერთი წლის შემდეგ კი ეს დღე - 17 მაისი პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. 
  • ლგბტქ ორგანიზაციები გიორგი ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელს გაემიჯნნენ და განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში ქორწინების თანასწორობის საკითხი არ დგას. მათი თქმით, გიორგი ტატიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან ის პრორუსული და რელიგიური ძალები დგანან, რომლებიც გამოირჩევიან ანტილგბტქ რიტორიკით და სურთ, საზოგადოებაში გააჩინონ და/ან გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ:
  • 2016 წლის ივლისში პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა, სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ, ზვიად ტომარაძემ და სხვებმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლისთვის რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ხელმოწერები შეაგროვეს და ცესკოში 224 000 ხელმოწერა შეიტანეს კიდეც. 
  • მათი ინიციატივით, სარეფერენდუმო კითხვა ასე უნდა ჩამოყალიბებულიყო: "გსურთ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კითხვა დაარეგისტრირა. 
  • საქართველოს კანონმდებლობით, რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს. საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 74-ე მუხლით [მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლი] დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად [...], აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. 
  • მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რეფერენდუმი არ დანიშნა, თუმცა, მისი არგუმენტები სხვა იყო. 

მაგრამ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო კანონპროექტით ქორწინების ჩანაწერის შეცვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. 

საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი მაინც გაკეთდა და 2017 წლის 26 სექტემბერს 117 ხმით დამტკიცდა, 2018 წლის დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადო, ძალაშიც შევიდა. 

ცოტა ხნის წინ ლგბტქ+ ქორწინების შესახებ დისკუსია განახლდა. მას შემდეგ, რაც პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის კითხვას უპასუხა: “კონსტიტუციაში ყველაფერი ლამაზად წერია, საქართველოში ადამიანის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული, უმცირესობებმა კი უმრავლესობას თავისი რაღაცები თავს არ უნდა  მოახვიონ”.

დავით კახაბერის თქმით, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შესახებ ჩანაწერი პრობლემურია - თვითონ დოკუმენტი ხდება დისკრიმინაციული. მისივე თქმით, ლგბტქ თემის წევრების ყოველდღიურობაში არაფერი შეცვლილა, თუმცა აქტივისტებისთვის ადვოკატირების პროცესი გართულდა. 

დავით კახაბერი
ფოტო: ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

"ახლა გვიწევს ადრინდელზე მეტი შრომა და გარჯა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერი გადავლახოთ.

რაც შეეხება პარტიების მხრიდან (ამ შემთხვევაში ლელოს ვგულისხმობ), საკითხის წამოწევას და დღის წესრიგში დაყენებას, ეს არის ინსტრუმენტალიზების მცდელობა და საკითხით მანიპულირება. არჩევნების წინ ასე ხდება ხოლმე, ბევრი პოლიტიკური პარტია იყენებს ლგბტქ+ თემს ქულების დასაწერად”. - გვეუბნება ის.

გიორგი თაბაგარის შეფასებით, კონსტიტუცია, ისევე, როგორც ქვეყნის ნებისმიერი სხვა კანონი, ყველა მოქალაქეზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

“ამ მოცემულობიდან გამოვდივართ ქორწინების უფლებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არავინ მუშაობს და ის დღის წესრიგში პირველ ნომრად არ დგას, ვთვლით, რომ კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს”. - ამბობს ის. 

სამოქალაქო პარტნიორობა

მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობდა, ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები პარლამენტს რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის შესახებ ჩანაწერი მაინც შეიცვლებოდა, არ გამოერიცხათ სამოქალაქო პარტნიორობა. 

“საქართველო, ისევე, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ყველა სხვა სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები და, შესაბამისად, სამართლებრივად აღიაროს სამოქალაქო კავშირები, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის. კომისიის დასკვნით, ეს ჩანაწერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს, როგორც ერთი და იმავე სქესის პირების პარტნიორობის აკრძალვა”. - წერდა ვენეციის კომისია. 

"ქორწინების თანასწორობის თეორიული შესაძლებლობის კონსტიტუციური აკრძალვით, მაშინ, როდესაც არ არსებობს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარების რაიმე ფორმა, საქართველო დაუპირისპირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს. შესაბამისად, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია, ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა. მივიჩნევთ, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი ფორმულირება: „თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით". - წერდა საქართველოში მოქმედი 13 ორგანიზაცია.

სამოქალაქო პარტნიორობა ლგბტქ+ წყვილებს ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მაგალითად, პარტნიორებს უფლება ექნებათ, ერთმანეთი ციხეში ან საავადმყოფოში მოინახულონ, ასევე, აიღონ საერთო სესხი ბანკში და შეიძინონ საერთო ქონება, შემდეგ კი, თუ ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ, კანონის შესაბამისად გაიყონ. 

კონსტიტუციის დღეს მოქმედი ჩანაწერი სამოქალაქო პარტნიორობის დაწესების უფლებას არ ზღუდავს. 

კომენტარები