კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ერთი ახალი პაციენტი საბურთალოს წყაროდანაა

მთავარი არხი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი მკურნალობს. 

მისივე თქმით, ცენტრში მძიმე პნევმონია მხოლოდ ორ პაციენტს აქვს, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქია. 

"ჩვენს ცენტრში გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით, დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მდგომარეობით, უმეტესად საშუალო", - ამბობს ეზუგბაია. 

რაც შეეხება ერთ ახალ პაციენტს, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებული საბურთალოს წყაროს მიეკუთვნება და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის გამოვლენილი. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 144 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს და მათი პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80%-ზე მეტია," - ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 801 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 644 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები