გიორგი ვაშაძე

ვაშაძე: ჩემი კანდიდატურა პრემიერობაზე ჯერ არ დამიყენებია, ეს გარკვეული მოსაზრებები იყო

ახალი საქართველო

გიორგი ვაშაძის თქმით, მას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატურად თავი არ დაუსახელებია და ეს მხოლოდ "ადამიანების გარკვეული მოსაზრებები იყო".

"გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. მე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჩემი კანდიდატურა პრემიერობაზე ჯერ არ დამიყენებია. ეს იყო ადამიანების გარკვეული მოსაზრებები. ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასეთი განცხადებები ჩვენს ერთიანობაში დისონანსს ვერ შეიტანს. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ", - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაყენების ინიციატივა თაკო ჩარკვიანმა გამოთქვა.

"თავის დროზე, 2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, [ვაშაძე] კარგი პრემიერი იქნებოდაო. მე ეს დავიმახსოვრე ჩემთვის, ამას გავუწიე ანგარიში იმ თვალსაზრისით, რომ ენმ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიაა და მათთვისაც მისაღები კანდიდატი რომ ყოფილიყო", - უთხრა თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად არც განიხილებოდა და არც ახლა და მომავალში განიხილება.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ "ძალა ერთობაშიას" აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და უნდა დაასახელოს გუნდიც.

"იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. ეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიით უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ყველაფერი სწორად მიდის",- თქვა მან დღევანდელ ბრიფინგზე.

ოპოზიციური სპექტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირებული კანდიდატების დასახელებას განიხილავს, მიუხედავად იმისა, თუ რა პროპორციით იქნება გადანაწილებული მანდატები - 120/30-ზე თუ 77/73-ზე.

კომენტარები