აშშ-ირანი

აშშ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს

Reuters

აშშ-მა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს აბდულრეზა რაჰმანი ფაზლის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით მინისტრმა გასული წლის ნოემბერში ანტი-სამთავრობო აქციების ძალადობრივი დარბევის ბრძანება გასცა, რასაც დემონსტრანტების სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 23 არასრულწლოვნის.

"მისი და რეჟიმის მიზანი იყო მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა და მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერ ფასად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

მის გარდა შავ სიაში შევიდა მთავრობის კიდევ 7 მაღალჩინოსანი, ირანის პოლიციის მეთაური ჰოსეინ აშტარი ფარდი.

შავ სიაში შევიდა LEF Cooperative Foundation-იც, რომელიც ირანში ენერგეტიკის, სამშენებლო, სერვისების, ტექნოლოგიების და საბანკო სფეროებშია ჩართული.

შავ სიაში შესულთა ანგარიშები აშშ-ში გაიყინება და ამერიკელებს მათთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალებათ.

ფაზლის და ალი ფალაჰიანს, 1989-1997 წლებში ქვეყნის დაზვერვის უფროსს, აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ. სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით ფალაჰიანი მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმებში და მკვლელობებში არის ეჭვმიტანილი.

კომენტარები