რუანდის გენოციდი

რუანდის გენოციდში ბრალდებული ფელიციან კაბუგა 26-წლიანი ძებნის შემდეგ პარიზში დააკავეს

Reuters

რუანდის გენოციდში ბრალდებული რუანდელი ბიზნესმენი ფელიციან კაბუგა 26-წლიანი ძებნის შემდეგ პარიზში დააკავეს. ინფორმაცია საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს. კაბუგას ბრალად ედება შეიარაღებული ძალების დაფინანსება, რომელთაც 1994 წელს რუანდის გენოციდის დროს 100 დღის განმავლობაში 800,000-მდე ადამიანი დახოცეს.

გაეროს ვებ-გვერდის მიხედვით კაბუგამ დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა, მათ შორის მაჩეტეები და ცივი იარაღი, რომელიც შემდგომში გენოციდის იარაღად გამოიყენეს. ის ასევე იყო რადიოს თანამფლობელი, რომელიც გენოციდისაკენ მოწოდებას ავრცელებდა.

ამჟამად ის 84 წლისაა. კაბუგა ენოციდისათვის 1997 წელს გაასამართლეს და მას შემდეგ იძებნება. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ის ყალბი იდენტობით ანიერ-სიურ-სენში ცხოვრობდა, საფრანგეთში ჩასვლამდე კი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა გერმანიაში, ბელგიაში, კონგოში, კენიასა და შვეიცარიაში.

მის დაკავებაში საფრანგეთთან ერთად ჩართული იყო რუანდა, აშშ, ბელგია, დიდი ბრტიანეთი, გერმანია და ნიდერლანდები.

კაბუგა ჯერ პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგება, შემდეგ კი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში.

რუანდის გენოციდში ბრალდებული კიდევ ორი პირი, აუგუსტინ ბიზიმანა და პროტიან მპირანია კვლავ იძებნებიან.

კომენტარები