კორონავირუსი სლოვენიაში

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

სლოვენია

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა.

ქვეყანაში, რომელშიც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იტალიას, ავსტრიას, უნგრეთსა და ხორვატიას ესაზღვრება, ახალი კორონავირუსის 1,464 შემთხვევა არის გამოვლენილი და გარდაცვლილია 103 ადამიანი.

"სლოვენიამ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში დაიმორჩილა ეპიდემია. დღეს ქვეყანას ყველაზე კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი აქვს მთელ ევროპაში", - თქვა პრემიერმინისტრმა იანეზ ანშამ.

მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შესული ადამიანებისთვის კარანტინი სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შესულ ტურისტებს მინიმუმ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ.

ადამიანები, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთისას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, ქვეყანაში არ დაიშვებიან.

მთავრობის ინფორმაციით, სლოვენიის მოქალაქეებს ვირუსის კვლავ გავრცელებისგან პრევენციის მიზნით საბაზისო რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ - დახურულ სივრცეებში პირბადით სიარული, ფიზიკური დისტანცირების დაცვა და საჯარო ადგილებში ხელების სადეზინფექციო სითხით დამუშავება.

სლოვენიაში შეზღუდვების ამოქმედება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყეს. მთავრობამ სკოლების, რესტორნების, ბარების, სასტუმროების და მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.

აპრილის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ამ კვირის დასაწყისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა, შემდეგ კვირაში კი მოსწავლეთა ნაწილი სკოლებში დაბრუნდება. ამასთან ერთად, რესტორნებს, ბარებსა და 30-ოთახიან სასტუმროებს შემდეგ კვირაში გახსნის უფლება მიეცემათ.

კომენტარები