ხანძარი საავადმყოფოში

სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში სასუნთქ აპარატს ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 5 ადამიანი

Reuters

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი იმ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც კორონავირუსით დაავადებულ 20 პაციენტს მკურნალობდნენ.

TASS-ის ცნობით, ცეცხლი ხელოვნური სუნთქვის აპარატს გაუჩნდა. გასულ კვირას ხანძარი გაჩნდა მოსკოვის საავადმყოფოშიც, სადაც ასევე კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობდნენ. დაიღუპა 1 ადამიანი. ამ შემთხვევაშიც ხანძრის გაჩენის მიზეზად სასუნთქი აპარატი სახელდება.

ამის გამო რუსეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აპარატებს შეისწავლიან და გარკვეული ტიპის სასუნთქ აპარატებს გამოძიების დასრულებამდე საავადმყოფოები აღარ გამოიყენებენ.

TASS წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე შემთხვევაში სასუნთქი აპარატი ურალის რეგიონში არსებული კომპანიის მიერ იყო დამზადებული.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის საავადმყოფოების დიდ ნაწილში არსებული სასუნთქი პარატები მოძველებულია, თუმცა, სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოს შემთხვევაში აპარატი ახალი იყო, ის გასულ თვეს დაამონტაჟეს.

---

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსული ინფექციით, ოფიციალური მონაცემებით, 232 243 ადამიანი დაინფიცირდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა იტალიას (219 814) და დიდ ბრიტანეთს (223 060) გადაასწრო და აშშ-ის (1 385 834) და ესპანეთის (268 143) შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 107 ადამიანი დაიღუპა. სულ გარდაცვლილთა დადასტურებულმა რიცხვმა 2 116-ს მიაღწია.

კომენტარები