პოლიტიკური დევნა

ბოკერია: პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს კობახიძესთან ამერიკის ელჩი, ეს ხო სასაცილოა?!

ტაბულა

"პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს, კობახიძესთან ამერიკის ელჩი, ეს ხო სასაცილოა?!" - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის საელჩოს გაკეთებული აქვს საჯარო განცხადება, 8 მარტის შეთანხმების შესახებ, ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენის შემდეგ. ბოკერიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა შეთანხმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებზე.

ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრებისგან განსხვავებით, მეგობრების სახელით არ ისაუბრებს და ეს არაკორექტულია. თან, მისივე თქმით, პარტნიორებს 8 მარტის შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული კონკრეტული პირების საქმეების კონტექსტში.

"დიპლომატები იმით გამოირჩევიან, რომ პოლიტიკურ დებატებში არ შედიან ხოლმე, მაგრამ იმდენად ფუნდამენტური საკითხი იყო, როცა ოქრუაშვილზე დადგა ის სამარცხვინო ვერდიქტი, საჯარო განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, მეტი როგორ უნდა თქვან?! თუ ვლაპარაკობთ იმ მანერებზე, რაც პუტინის რუსეთს აქვს, რომ გემუქრებიან, ასე არ ლაპარაკობენ მეგობრები. ოღონდ, როცა მეგობრებს გადააგდებ, ამას აქვს შედეგები, ისევე როგორც შედეგები აქვს საზოგადოების გადაგდებას", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ პოლიტიკურად თავი არ დაიღუპოს და შეთანხმების პირობები შეასრულოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ასრულებს და არავის გათავისუფლების პირობა არ დაუდიათ.

თალაკვაძემ ასევე მოუწოდებს მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ხელისუფლებას არ აუღია "პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება". 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსაც ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება," - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

რა განცხადებები აქვთ გაკეთებული საერთაშორისო პარტიორებს 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური დევნის ნაწილზე და რას ამბობს არჩილ თალაკავაძე ამის საპირისპიროდ, ნახეთ აქ.

კომენტარები