ტროლების გაუქმება

კაპანაძე ტროლებზე: შეურაცხმყოფელი და არასწორია, არ უნდა კადრულობდეს არცერთი პარტია

პირველი არხი

"როგორც ჩანს, პირველი გამოაშკარავება არ იყო საკმარისი გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, ახლიდან დათესა ტროლები და ბოტები და მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი," - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე FACEBOOK-ის მიერ კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული 790 ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს გვერდები მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების გაშავებით და შუღლის თესვით იყო დაკავებული, რაც, ხელისუფლების აზრით, მას პოლიტიკურ ქულებს უწერდა.

"ცალკე გამოსაკვლევი საკითხია, რამდენად არის ეს კანონდარღვევა, რაც კეთდებოდა ქვეყნის შიგნით, ხელისუფლების მხრიდან, რა ფული იხარჯებოდა აქ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იხარჯებოდა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ამაში ჩართული", - ამბობს კაპანაძე.

კაპანაძე ასევე ფიქრობს, რომ გაჩენილ შეკითხვებს პასუხი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც უნდა გასცეს, ვინაიდან facebook-მა მათი ანგარიშებიც წაშალა.

"ჩვენ, ევროპულ საქართველოს, როგორც პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციურ პარტიას, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები და ნაბიჯები სოციალურ მედიაში არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი, არასწორი და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ უნდა კადრულობდეს არცერთი პოლიტიკური ძალა", - ამბობს კაპანაძე.

Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გუშინ, 5 მაისს, გააუქმა.

ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა. 

კომენტარები