მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქართული ოცნების გუნდი მზად არის, განიხილოს ახალი კორონავირუსის პირობებში არჩევნების პროცესის ნებისმიერი გზა, რაც მისი ჩატარების გარანტიას მოგვცემს. მდინარაძისვე განცხადებით, არჩევნების ელექტრონული წესით გამართვისთვის მომზადება ვერ მოესწრება.
"ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი, რაც შეეხება იმას, თუ რა რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ”, - თქვა მან..
მდინარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, მუშაობა უნდა დაიწყოს ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს.
TI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.





