სამხრეთ კორეის ინფექციური დაავადების ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, მკვდარი ვირუსის ფრაგმენტებია მიზეზი, რის გამოც 263 პაციენტის ტესტმა, Covid-19-სგან გამოჯანმრთელებიდან დღეებისა და კვირების შემდეგ, კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.
მათი მოსაზრებით, ნაკლებ სავარაუდოა, ეს პაციენტები ხელახლა დაავადებულიყვნენ, ან ვირუსი ხელახლა გააქტიურებულიყო, რაც ნიშნავს, რომ ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, ცრუ დადებითია.
"ტესტებმა დააფიქსირეს მკვდარი ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა," - განაცხადა ცენტრალური კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ო მიოუნგ-დონმა.
მისი განმარტებით, PCR ტესტირებისას ვირუსის გენეტიკური მასალა ძლიერად წარმოჩინდება - იქნება ეს ცოცხალი ვირუსი თუ მხოლოდ მკვდარი ვირუსის ფრაგმენტები, რომელთა გამოჯანმრთელებული ორგანიზმიდან განდევნას, შესაძლოა, თვეებიც დაჭირდეს.
ო მიოუნგ-დონი ამბობს, რომ PCR ტესტები მკვდარ და ცოცხალ ვირუსს ვერ არჩევს, რის გამოც, ტესტმა, შესაძლოა, ცრუ დადებითი პასუხი აჩვენოს.
"PCR ტესტირება, რომელიც მძლავრად აღიქვამს ვირუსის გენეტიკას, კორეაში COVID-19-ის შესამოწმებლად გამოიყენება. ხელახალი შემთხვევების მიზეზი კი PCR ტესტირების ტექნიკური ლიმიტებია," - დასძინა მან.
ომ ასევე აღნიშნა, რომ PCR ტესტირებას შეუძლია, ვირუსული რნმ მისი სიკვდილიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინოს ეპითელურ უჯრედში, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი სამ თვემდეა.
ამრიგად, ცენტრალურმა კლინიკურმა საბჭომ უარყო, რომ ხელახალი დადებითი პასუხები Covid-19-ის რეაქტივაციის შედეგია. მათი თქმით, ხელახალი დაინფიცირების შესაძლებლობა ძალზედ მცირეა, ან საერთოდ არ არსებობს, რადგან პაციენტები ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.
"პროცესი, რომლის დროსაც COVID-19 წარმოქმნის ახალ ვირუსს, ხდება მხოლოდ მასპინძელ უჯრედებში და არ აღწევს ბირთვში. რაც ნიშნავს, რომ ის არ იწვევს ქრონიკულ ინფექციას ან მის განმეორებას," - განაცხადა ომ.
ხსენებულმა მიგნებამ დაადასტურა კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფრო ადრინდელი შეფასება, რომ პაციენტები, რომელთაც ხელახლა დაუდასტურდათ ვირუსი, გადამდებები არ არიან, ან ამის შანსი მცირეა.
ამ შეფასების დასტურად დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სპეციალური ლაბორატორიული ტექნიკით (Viral Culture) ჩატარებული ტესტების შედეგები მოიყვანა - მათ გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ცოცხალი ვირუსი ვერ აღმოაჩინეს.
10 აპრილს გაირკვა, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან განკურნებულად მიჩნეულ 91 პაციენტს ტესტმა ვირუსზე კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ეს არა ხელახალი დაინფიცირება, არამედ ვირუსის ხელახალი გააქტიურება უნდა ყოფილიყო.
25 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ანტისხეულები აქვთ, ხელახალი დაინფიცირებისგან დაცული არიან.
ჯანმო-ს თქმით, კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამომუშავდებათ, თუმცა, ზოგიერთი მათგანის სისხლში გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე ძალზედ დაბალია.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა არამწვავე კორონავირუსების შემთხვევაში, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს ხდება არა კვირებისა და თვეების, არამედ წლების შემდეგ. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახალი დაინფიცირების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
საგულისხმოა, რომ ლონდონის უნივერსიტეტის გენეტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2002-2003 წლებში სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის - SARS-ის ეპიდემიის დროს, მათ, ვისაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ, იმუნიტეტი 2 ან 3 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდათ. SARS 2002 წელს ჩინეთიდან გავრცელდა. ეს კორონავირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ციბეტინისგან გადაედო, რომელიც ვირუსით ღამურისგან დაავადდა. SARS-ით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ SARS სტრუქტურულად ახალი კორონავირუსის (იგივე SARS-CoV-2) მსგავსია.





