ახალი კორონავირუსი საქართველოში

გორის ჰოსპიტალში უმცროს მედდას COVID 19 დაუდასტურდა

ტაბულა / სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital

გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას PCR ტესტირებისას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათი ცნობით, ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. განცხადებაში წერია, რომ მედდასთან კონტაქტში მყოფ პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი ვირუსზე უარყოფითია.

"აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა", - წერია გორის ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 178, ხოლო 6 პირი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია - 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.

კომენტარები