კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მოხუცთა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები გაფართოებულ ტესტირებაში ჩაერთვებიან

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატები გაფართოებულ ტესტირებაში ჩაერთვებიან. 

"ჩვენ განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ რა იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, ბავშები და ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში", - თქვა ტიკარაძემ. 

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა "არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის." 

ტიკარაძის თქმით, ტესტირების დაწყების თარიღი დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ გამოცხადდება. 

პროტოკოლის მიხედვით, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან სასულიერო პირები, მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და ა.შ. მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, ისინი კორონავირუსზე პერიოდულად შემოწმდებიან.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები