კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 15 მაისიდან დაიწყება

ენდრიუ კუომო
Forbes

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ შესაძლოა წარმოება და სამშენებლო სამუშაოები 15 მაისიდან განახლდეს.

მისი თქმით შეზღუდვების მოხსნა თავდაპირველად შტატის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყება და არა ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც აშშ-ში ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. მისივე თქმით ქალაქის გახსნა ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

კუომოს მიერ შემოღებული კარანტინი ნიუ-იორკში 15 მაისამდე გაგრძელდება. შტატის გახსნის გეგმის მიხედვით პირველი სწორედ საწარმოები და სამშენებლო ობიექტები იქნება, რომლებსაც შეეძლებათ საქმიანობას დაუბრუნდნენ. კუომოს მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ფაზამდე 2-კვირიანი პერიოდი უნდა განისაზღვროს, მეორე ფაზა კი ოფისების გახსნას მოიცავს. იმისათვის, რომ გახსნა შეძლონ, ბიზნესებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ დაიცავენ სპეციალურ ზომებს, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. თუმცა, მისი თქმით ეს გადაწყვეტილება 15 მაისამდე გადაიხდება და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.

აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟმად მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი სულ 993,852 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 56,009, ხოლო გამოჯანმრთელდა 120,299.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული,სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 22,612-ს მიაღწია. ვირუსი შტატში სულ 293,991 ადამიანს დაუდასტურდა.

კუომოს თქმით, საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზით შესულ პაციენტთა რიცხვი მცირდება, თუმცა მან ნიუ-იორკელებს მოუწოდა, ყურადღება არ მოადუნონ. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში აფთიაქებს უფლებას მისცემენ, კორონავირუსის ტესტები ჩაატარონ. კუომომ თქვა, რომ ტესტირების ჩატარების უფლება 5,000-ზე მეტ აფთიაქს ექნება და მათი მიზანია დღეში 40,000-მდე ადამიანმა ტესტი გაიკეთოს. მან ასევე თქვა, რომ 4 საავადმყოფოში ანტისხეულებზე სკრინინგი გაფართოვდება. ეს, პირველ რიგში, ყველა სამედიცინო მუშაკს მოიცავს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.

კომენტარები