ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით 22 პაციენტია მოთავსებული. მათგან 2 ადამიანი კლინიკაში 23 აპრილს შეიყვანეს. ისინი მარნეულის კლასტერიდან არიან. როგორც კლინიკის სამეურვეო საბჭოს წევრმა, მაკა სოლოღაშვილმა თქვა, ორივე მათგანი სხვადასხვა ოჯახიდანაა.
კლინიკაში მოთავსებულთაგან 6 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკამ მთლიანობაში 10 არასრულწლოვანი პაციენტი მიიღო.
"მიღებული 10 ბავშვიდან მხოლოდ 2-ს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობა ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იყო და კარგად ექვემდებარებოდა მკურნალობას. ძალიან მოკლე დროში ალაგდა ორივე შემთხვევაში პნევმონია", - თქვა მან.
სოლოღაშვილის ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 აპრილს მოათავსეს.
3 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.
გამოჯანმრთელდა კლინიკის 2 პაციენტი.
საქართველოში, 24 აპრილის 10:30 საათის მდგომარეობით, კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.