ეკლესია და კორონავირუსი

ეზუგბაია: მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია ეკლესიური

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, პასუხობს კითხვას, უნდა წავიდნენ თუ არა ის ადამიანები თვითიზოლაციაში, ვინც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ და ელოდება, თუ არა პიკს აღდგომის შემდეგ. ეზუგბაია ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია ეკლესიური და მხოლოდ მათზე არ უნდა ვილაპარაკოთ.

"იცით, რაშია საქმე? ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. ჩემთვის ახლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს, ისე. ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ - თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიმე სეგმენტზე", - ამბობს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გასცა რეკომენდაცია, რომ ლიტურგიის შემდეგ მრევლი თვითიზოლაციაში დარჩენილიყო, რათა ამით ვირუსის გავრცელების რისკები შეემცირებინა.

"თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში", - თქვა ცერცვაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. მსახურებებზე მრევლი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. 

წინასწარ დაანონსებული დისტანცია აზრსმოკლებული იყო, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებდნენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება. ზოგიერთ ტაძარში იყო ხალხმრავლობა და ირღვეოდა დისტანცია. საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივიდა და 06:00 საათამდე დარჩა ტაძრებში.

განსხვავებით მართლმადიდებელი ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობისგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წირვა-ლოცვების ჩატარებას აგრძელებს, სადაც მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ.

კომენტარები