კორონავირუსი საქართველოში

რეხვიაშვილი: ბოლნისში 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კარანტინში იყვნენ, კონტაქტები არ აქვთ

ქვემო ქართლში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, პირები, რომლებსაც COVID 19 დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები, ფაქტობრივად, არ აქვთ. 

"4 ახალი შემთხვევაა ბოლნისში. 2 სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. სოფელ სავანეთში ოჯახის 2 წევრს დადასტურდა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ, კარანტინში. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში წინასწარ იყო პრევენციის ზომები მიღებული და კონტაქტები მინიმალური, პრაქტიკულად არც იყო ამ დღეების მანძილზე"- თქვა რეხვიაშვილმა  

მისივე თქმით, ჯამში 75 დადასტურებული შემთხვევაა რეგიონში, აქედან 52 ბოლნისში, 15 მარნეულში და 8 - რუსთავში. 

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულებიდან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეში 4 782 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 503.

კომენტარები