კორონავირუსი საქართველოში

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 321 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 321 პირი დაჯარიმდა. 

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შსს-მ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,  სულ 140 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი კიდევ 96 პირი დააჯარიმეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი
ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ. გუშინ, 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ასევე, 17 აპრილიდან აიკრძალა სასაფლაოებზე მისვლა და საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა.

კომენტარები