ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ".
ბოკერიას თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური მრწამსის მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე მუსლიმია.
"ადგილობრივმა მუსლიმმა სასულიერო პირებმა პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს სამლოცველოებსა თუ ადგილობრივ მეჩეთებში შეკრება,"- თქვა ბოკერიამ.
დეპუტატის შეფასებით, კარანტინის მიმდინარეობისას საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არამარტო ამ ორ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ ქვეყანაში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ.
"საქართველოს პრემიერმინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებამ, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი, თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის - მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე.
საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა", - თქვა გიგა ბოკერიამ.
14 აპრილს პრემიერმინისტრმა გახარიამ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული შეზღუდვების მიუხედავად ეკლესიებში წირვა-ლოცვის გაგრძელების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეკლესიის "ეგზისტენციალური ამოცანაა", რომ ეკლესია არ უნდა დაიხუროს, რაც მისთვის გასაგებია, რადგან მისივე თქმით, "ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ".
ამ დრომდე მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა ეკლესიებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ გრძელდებოდა. გუშინდელ დღემდე უცნობი იყო, თუ როგორ ჩატარდებოდა სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია, რადგან 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
15 აპრილს ცნობილი გახდა საპატრიარქოს გეგმა, რომლის მიხედვითაც, მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და ტაძრებს დილამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას "შეთანხმებას" ეძახის.
ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლოებას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და კუბოების თვლას ვერ ავუდიოდეთ.
მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგითა და 258 ინფექციონისტის სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 9 მაისისთვის კი, აღდგომიდან ორ კვირაში, ჯანდაცვის სისტემა მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 4 000 ინფიცირებულს ელოდება.





