პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, ინფორმაციით, კორონავირუსისგან კლინიკაში მეორე ორსული გამოჯანმრთელდა.
"დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული კორონავირუსის გარეშე. როგორც დამატებითი კვლევების შედეგად ირკვევა, ჩვენს კლინიკაში დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჯამში, სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას", - თქვა რატიანმა.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში 7 ახალშობილი პაციენტი ჰყავთ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
"ასევე, გვყავს ორსული ქალბატონები, რომელთაგან კლინიკას დღეს 5 დატოვებს. საეჭვო შემთხვევა იყო და მათთანაც არცერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია. ყველა დღის პირველ ნახევარში დატოვებს კლინიკას", - თქვა რატიანმა.
პირველი ორსული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 აპრილს გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.





