კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: შეიძლება ადგილები, ეკიპირება და მედპერსონალი არ გვეყოს, იფიქრეთ ამაზე

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი, მაკა სოლოღაშვილი საზოგადოებას სახლში დარჩენის თხოვნით მიმართავს, რადგან, მისი თქმით, თუ ადამიანები პასუხისმგებლობის გრძნობას არ გამოიჩენენ, შესაძლოა, კლინიკებს ყველანაირი მარაგი ამოეწუროს.

"შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ ამაზე - შესაძლოა არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით ახლა და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე," - თქვა სოლოღაშვილმა. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას ეყოლება საეჭვო პაციენტები, რომლებსაც სხვებისგან იზოლირება და ცალკე პალატა დასჭირდებათ, სამედიცინო აღჭურვილობის რესურსი საკმაოდ შემცირდება.  

"ის აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა. თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, მაშინ, ეს არაპროგნოზირებადია, რადგან არ ვიცით, რამდენით მოიმატებს. ჩვენ შეგვიძლია, თუ დადასტურებული იქნება ყველა შემთხვევა, კიდევ მივიღოთ ერთი ამდენი პაციენტი, მაგრამ თუ იქნება საეჭვო პაციენტები, რაც მოითხოვს თითო პალატაში თითო ადამიანის იზოლირებულად მოთავსებას, მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა," - აღნიშნა სოლოღაშვილმა. 

16 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები