კორონავირუსი საქართველოში

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ერთ დღეში 104 ადამიანი დააჯარიმეს, ჯამში - 3 393

CNN

ბოლო 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 104 მოქალაქე დააჯარიმა. ჯამში, 27 მარტიდან დღემდე, პოლიციამ 3 393 ადამიანი დააჯარიმა 3 000 ლარით, რაც მთლიანობაში 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

პოლიციამ გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის - 16, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე - 4, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 2, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - კიდევ 9 პირი დააჯარიმეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს" - აცხადებს შსს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომელთა საბრძოლველადაც სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესის დაცვას არ აპირებს საპატრიარქო - ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი - აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი, მისთვის კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები