თბილისის 2 კერძო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა

თბილისის 2 კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. 

მათგან ერთ-ერთი თბილისის მედიცინის ინსტიტუტია, რომლის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა მამრიკაშვილმა თქვა, რომ ინფიცირებულის კონტაქტები ახლა კარანტინში არიან.

"ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ვისაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ახლა საკარანტინო სივრცეშია. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი", - თქვა მან.

მეორე კლინიკა, რომელიც კარანტინის გამო დაიხურა, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალია. მის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით ახალი კორონავურის დაუდასტურდა.

ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა, რომ ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური. სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი მას "პისიარ" ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს. ინფიცირებული 72 წლის ქალია. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ "კოვიდ 19"-ის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის ქმარს კორონავირუსი დაუდგინდა. მისივე მონათხრობზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უცნობია მათი დაინფიცირების წყარო.

"ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული",- განაცხადა სანიკიძემ.

პირველი არხისვე ცნობით, სანიკიძემ ასევე განაცხადა, რომ კლინიკის ადმინისტრაციამ პაციენტების კონტაქტების სიები შეადგინა. სია მოკლეა, რადგან კლინიკაში რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილია.

კომენტარები