აშშ-ის არჩევნები 2020

ბერნი სანდერსი 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა

ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი
Getty Images

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა. მან ვიდეო განცხადება გაავრცელა.

"ვისურვებდი, უკეთესი ამბავი მქონოდა თქვენთვის. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სიმართლე იცით. ჩვენ 300 დელეგატით ჩამოვრჩებით ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. გამარჯვებისკენ გზა შეუძლებელია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურ ბრძოლას ვიგებთ და მოვიპოვებთ ამდენი ახალგაზრდა ადამიანის და მშრომელების მხარდაჭერას, დავასკვენი, რომ დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ეს ბრძოლა წარმატებული არ იქნება. ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ ვასრულებ ჩემს კამპანიას." თქვა მან.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კამპანია დასრულდა, სამართლიანობისათვის ბრძოლა გრძელდება." დაწერა მან ტვიტერზე.

შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში მხოლოდ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რჩება.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს 1,217 დელეგატი ჰყავდა, ბერნი სანდერსს - 914. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებოდათ.

კორონავირუსის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში, სადაც პრაიმერი აპრილის თვეში იყო დაგეგმილი, ხმის მიცემა ივნისამდე გადაიდო, ზოგ შემთხვევაში კი საფოსტო სისტემაზე გადავიდნენ. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა 7 აპრილს პრაიმერი ჩატარდა ვისკონსინის შტატში, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს სამ შტატში გამართულ პრაიმერში განცდილი მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსის კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ ვერმონტის სენატორი საკუთარ კამპანიას შეაფასებდა და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავდა.

17 მარტს სანდერსი ფლორიდის, ილინოისის და არიზონას შტატებში გამართულ პრაიმერში ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

ბაიდენმა სანდერსის ამომრჩევლებს მიმართა მხარი მას დაუჭირონ:

"ნება მომეცით მოგმართოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც სენატორმა სანდერსმა შთააგონა, მე მესმის თქვენი, ვიცი რა არის სასწორზე, ვიცი რა უნდა გავაკეთოთ."

აღსანიშნავია, რომ 10 მარტის პრაიმერში 6 შტატიდან მხოლოდ ერთში გამარჯვების შემდეგ სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის მებრძოლი სხვა კანდიდატები სანდერსს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ. 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სანდერსი დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

კომენტარები