კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი ილია მეუფე დანიელზე: არ შეიძლება, მართლმადიდებლობა შამანურ ბოდვების ადგილად იქცეს

"არ შეიძლება, მართლმადიდებლობა შამანურ ბოდვების ადგილად იქცეს" - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე დანიელის განცხადებას, რომ თუ ადამიანი ავადაა, ამის შესახებ არ იცის და ეკლესიაში მივა, განიკურნება.

"სამწუხაროდ აბსოლუტური სისულელეა. თუ არ იცის თავისი ავადმყოფობა, მისი განკურნება ვინღამ დაადგინა, მეუფე დანიელმა?! საიდან და როგორ?! გამოცხადებები აქვს?! არ შეიძლება შამანურ ბოდვების ადგილად იქცეს მართლმადიდებლობა, ეს მკრეხელობაა და სიშლეგე. ყველაფრის გაპრავების სურვილით შეპყრობილი მიტროპოლიტი უკვე ისეთ სისულელეს ამბობს, რომ დასაცინი ხდება, რის გამოც გული მტკივა ძალიან", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

დღეს, 7 აპრილს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმმა, მეუფე დანიელმა თქვა, რომ ყველა ქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, "ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღსი აღსრულებული პროცესია", ამიტომ, მისივე თქმით, "თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავად არის და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება."

საქართველოში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დაწესებულია კომენდანტის საათი და 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

თუმცა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.

კომენტარები