თბილისის მერიის ბიუჯეტი

კახა კალაძე: 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დროებით შეჩერდება

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია 300 ლურჯი მიკროავტობუსის საყიდლად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს.

თბილისის მერის განმარტებით, ტენდერის შეჩერების მიზეზი ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული მდგომარეობაა.

"რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რელობიდან გამომდინარე , რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული",- თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებამდე, ტენდერის გაუქმების შესახებ, "ევროპული საქართველოს" თბილისის საკრებულოს წევრმა, გოკა გაბაშვილმა 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ვითარებაში კერძო კომპანიისათვის 30 მილიონი ლარის ტრანსპორტის ყიდვა გაუგონარი და არასწორი ნაბიჯია.

გაბაშვილისვე თქმით, მსგავსი ნაბიჯი ჩვეულებრივ მდგომარეობაში უგუნურება იქნებოდა, რადგან თბილისის მერიას თავად აქვს მოძველებული ტრანსპორტის ჩანაცვლების ვალდებულება.

თბილისის მერიამ 13 მარტს ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც უწყებას 29 მილიონ ლარად 300 ლურჯი მიკროავტობუსი უნდა შეეძინა. მოთხოვნების მიხედვით, ერთ მიკროავტობუსს 17 ან მეტი მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლებოდა. 

კომენტარები