თბილისის მერიის ბიუჯეტი

TI: თბილისის ბიუჯეტის შემცირება საბიუჯეტო თვითნებობის საშიში პრეცედენტია

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თბილისიის მერიის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს. 

განცხადებაში წერია, რომ გათანაბრებითი ტრანსფერი თბილისის ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, რაც 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 49.9 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა დედაქალაქის ბიუჯეტიც [გათანაბრებითი ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველობებისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა და შესაბამისი წესით და ფორმულით გამოითვლება].

"ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით შეიცვალა გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის სტატუსის კოეფიციენტები 3.8-დან შემცირდა 2.8-მდე. ასევე, შემოღებულ იქნა მაღალმთიანობის კოეფიციენტი, რაც შესაძლებელს ხდის მაღალმთიანი რეგიონებისთვის დახმარების გაწევას. სამივე ცვლილება სრულიად ლეგიტიმურია, რადგანაც ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობა უფლებას აძლევს დაფინანსების გაანგარიშებაში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო გაანგარიშების შეცვლის დროს შეცვლის მიზეზებზეც უნდა დაფიქრდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის 3 ოქტომბრის განცხადებაში ახსნა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის შემცირების მიზეზი, რაც გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირების შედეგად მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიას 2013 წელს გამოყოფილი თანხების ათვისებაში აქვს შეფერხება და მის სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთი 2013 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით 189.7 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ამ ტენდენციიდან გამომდინარე, 2014 წლის დასაწყისისთვის თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთი გადააჭარბებს 100 მლნ ლარს და იქნება 63 მლნ ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო ტრანსფერი მცირდება მხოლოდ 49.9 მლნ ლარით.

"ფინანსთა სამინისტროს განცხადების და 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერის შემცირება დაუსაბუთებელია. უფრო მეტიც, სახეზეა სამინისტროს შერჩევითი მიდგომა, კერძოდ: როგორც აღვნიშნეთ, თბილისის სტატუსის კოეფიციენტთან ერთად იმავე მოცულობით შემცირდა ბათუმის სტატუსის კოეფიციენტიც. თუმცა, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმის 2014წ. გათანაბრებითი ტრანსფერი 2013წ. შედარებით პირიქით დაახლოებით 8 მილიონი ლარით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბათუმის ბიუჯეტიც. საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის ნაშთის მიხედვით შეცვლას. იმ შემთხვევაშიც კი ნაშთის მიხედვით რომ ხდებოდეს ბიუჯეტის ნაწილის (ტრანსფერის) კორექტირება, მე-3 კვარტლის ბოლოს იმ ნაშთის განსაზღვრა, რაც მხარჯავ ერთეულს წლის ბოლოს დარჩება, არსებული ბიუჯეტირების პირობებში შეუძლებელია. შესაბამისი მონიტორინგის სიტემის არარსებობის პირობებში (ხაზინას/ფინანსთა სამინისტროს არ აქვს კრედიტორული დავალიანებების წარმოქმნაზე დაკვირვების სისტემა) შეუძლებელია ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე თვით ადრე დაადგინოს რა რაოდენობის ნაშთი დარჩება მხარჯავ დაწესებულებას. მაშასადამე, ხაზინამ/ფინანსთა სამინისტრომ არ იცის თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებული 189.7 მლნ ნაშთიდან რამდენი გაიხარჯება წლის ბოლომდე", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირება 2013 წლის 31 დეკემბრის ნაშთზე დაყრდნობით, რისი წინასწარ განსაზღვრის საშუალებაც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, სრულიად დაუსაბუთებელი და შესაბამისი პროცედურების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებაა.
"ამასთან, საქართველოში, ისევე როგორც უამრავ სხვა ქვეყანაში, არ მოქმედებს ნაშთის მომდევნო წელს გადატანის წესი, რის გამოც თბილისის მერია თავის 2013 წლის ნაშთს 2014წ. მაინც ვერ გამოიყენებს. მიგვაჩნია, რომ დადგენილი წესების ამგვარი უგულებელყოფა და შერჩევითი მიდგომა ქმნის საბიუჯეტო თვითნებობის მორიგ საშიშ პრეცედენტს, რაც დაუშვებელია", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები