საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, შესაძლოა, ზიარება გარეთ მოხდეს.
" [აღდგომის დღესასწაულზე] შესაძლებელია, რომ გარეთ მოხდეს ზიარებაც. ბევრ ტაძარში უკვე ასეთი მსახურება იყო. ძღვენი გამოაბრძანეს გარეთ და იქ აზიარეს მრევლი", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ზიარების წესი არ იცვლება - მრევლს კვლავ ერთი კოვზით აზიარებენ.
"ამაზე მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა", - თქვა დეკანოზმა ჯაღმაიძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს და ასეთი განცხადება არ ჰგონია, გაკეთდეს.
15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაშია - არც წირვებს წყვეტს და არც ზიარების წესს ცვლის.
საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება.