აშშ

ტრამპი პრინცი ჰარის და მეგანის აშშ-ში გადასვლაზე: მათი უსაფრთხოების ხარჯებს აშშ არ დაფარავს

დონალდ ტრამპი / პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კანადიდან აშშ-ში გადასვლას აპირებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მიუხედავად მისი და ბრიტანეთის დედოფლის მეგობრობისა, აშშ-ში მათი უსაფრთხოების დაცვისათვის ფულს არ გადაიხდის.

"დედოფლის და დიდი ბრიტანეთის დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელი ვარ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი და მეგანი, რომელთაც გაერთიანებული სამეფო დატოვეს, კანადაში დასახლდებოდნენ. ახლა მათ კანადა დატოვეს და აშშ-ში მოდიან, თუმცა, აშშ მათი უსაფრთხოების დაცვისათვის ფულს არ გადაიხდის. მათ თავად უნდა გადაიხადონ!"

ტრამპის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს პრინცმა ჰარიმ და მეგანმაც. მათ თქვეს, რომ არ აპირებდნენ აშშ-სთვის მათი უსაფრთხოების ხარჯების დაფარვა ეთხოვათ. მათ განცხადება სპიკერის მეშვეობით გაავრცელეს:

"ჰერცოგი და ჰერცოგინია არ გეგმავდნენ აშშ-ის მთავრობისათვის უსაფრთხოების რესურსების გამოყოფა ეთხოვათ. უკვე მოგვარებულია უსაფრთხოების ხარჯები, რასაც თავად გასწევენ."

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით წყვილი კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესის მიმდებარედ გადავიდა, სადაც მეგანი გაიზარდა და მისი დედა ცხოვრობს. ისინი სამეფო ტიტულს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებენ. სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ ისინი შვილთან, არჩისთან ერთად კანადაში გადავიდნენ. გასულ თვეს კანადის მთავრობამ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამეფო სტატუსის შეცვლასთან ერთად ქვეყანა მათი უსაფრთხოების ხარჯებს აღარ დაფარავდა.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის შტატში ახალი კორონავირუსის 5,565 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 121 ადამიანი. ჯამში აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. დაავადება გამოუვლინდა 142,735 ადამიანს, დაიღუპა 2,488, გამოჯანმრთელდა 4,559. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მოსახლეობას სახლებში დარჩენის მითითება მისცა.

კორონავირუსი დაუდგინა პრინცი ჰარის მამას, უელსის პრინც ჩარლზს. ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 71 წლის პრინცის ჯანმრთელობას ამ დრიოსთვის საფრთხე არ ემუქრება. ვირუსი დაუდგინდა ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონსაც. ამის შესახებ განცხადება თავად ჯონსონმა გაავრცელა და თქვა, რომ მიუხედავად ამისა მუშაობას თვითიზოლაციის რეჟიმშიც გააგრძელებს. სულ დიდ ბრიტანეთში ინფიცირების 19,522 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 1,228 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 135.

კომენტარები