საარჩევნო შეთანხმება

გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა

ტაბულა

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად მივიდა. 

მარგველაშვილის თქმით, მას გუშინდელ შეთანხმებაზე სურს საუბარი და ასევე აპირებს მიულოცოს გამარჯვება ოპოზიციის წარმომადგენლებს. ექსპრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებს სიტყვით მიმართა და მათ პირადადაც გადაუხადა მადლობა ერთობისთვის და იმ შედეგისთვის, რომელიც მათმა ბრძოლამ გამოიღო. 

"ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობით, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყეს ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. 

მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომლებსაც ხალხი მათ მისცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას,"- მიმართა მარგველაშვილმა ოპოზიციურ ლიდერებს. 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები