მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად $12 მილიარდს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

გამოყოფილი თანხა ძირითადად იმ განვითარებად ქვეყნებს მოხმარდება, სადაც ახალი კორონავირუსი ფართოდ არის გავრცელებული. გამოყოფილი თანხები დაიხარჯება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ასევე, განვითარებადი ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის მოწყობაზე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის თქმით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებები ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში. 

"ეს მოიცავს საგანგებო დაფინანსებას, პოლიტიკურ რეკომენდაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას", — განაცხადა დევიდ მალპასმა. 

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია უპირატესობას ყველაზე ღარიბ ქვეყნებს მიანიჭებს, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. 

თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ევროკავშირმა 232 მილიონი ევრო გამოყო. ამ თანხის ნაწილი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ერგო, ხოლო ნაწილი ქვეყნებს ყველაზე სუსტი ჯანდაცვის სისტემით.

ასევე, გუშინ - 5 მარტს კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო აშშ-ის კონგრესმა. ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 98 ათასს შეადგენს, გარდაცვლილია 3300 ადამიანი. 

დაავადების 9 შემთხვევაა დადასტურებული ამ დროისთვის საქართველოში.

კომენტარები