ჯაღმაიძე: ზიარების წესში რამის შეცვლაზე საუბარი იმას შეუძლია, ვისაც არ აქვს სარწმუნოება

მთავარი არხი

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინონ, თუმცა, ამავდროულად ხაზგასმით ამბობს, რომ ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ განიხილავს და ათობით მორწმუნეს კვლავ ერთი კოვზის გამოყენება მოუწევს.

"1000 წელზე მეტია, ეს ტრადიცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა ეპიდემია. არასდროს ეკლესიას არ უმსჯელია, რომ რამე წესი შეეცვალა ზიარებასთან დაკავშირებით.

მე, როგორც სასულიერო პირი, სწორედ ამას ვამბობს, ღმერთი, ღმერთთან მიახლება არის უმთავრესი.

მე საზოგადოებას მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, ექიმები, სპეციალისტები. უნდა ვიყოთ ფრთხილად, ავადმყოფობის შემთხვევში ზიარების საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, მივა მოძღვარი და აზიარებს მას. თუმცა, სხვა მხრივ, ზიარების წესის ცვლილებაზე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს", - თქვა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ზიარების წესის შეცვლაზე მსჯელობა მხოლოდ ურწმუნო ადამიანს შეუძლია.

"ამგვარი მსჯელობა, რომ ზიარების წესში რამე შეიცვალოს, შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში შედის ზიარების დროს. მორწმუნე ადამიანი ზიარების დროს იღებს იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს. ეს არის მაკურნელები. ჩვენ ვლოცავთ ავადმყოფ ადამიანებს და ვაზიარებთ განსაკურნებლად. ამიტომ, ამაზე მსჯელობა შიდა საეკლესიო სივრცეში შეუძლებელია. ამის შესახებ მსჯელობა შეუძლია მხოლოდ იმას, ვისთვისაც ზიარება საიდუმლოს არ წარმოადგენს", - ამბობს საპატრიარქოს პრესსპიკერი ტვ პირველის ეთერში.

ზიარების წესი შეცვალა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ. ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა სხვა სასულიერო პირებს ღია წერილით მიმართა:

"საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი. ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე".

ასევე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ კი განაცხადა, რომ "მკაცრი რეკომენდაციის შემთხვევაში პარასკევის ლოცვაც კი შესაძლებელია შეჩერდეს".

დღეის, 5 მარტის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული.

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ერთჯერადი კოვზებით ზიარების რეკომენდაციას გასცემს, იმავეს ამბობს NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც, ამირან გამყრელიძე კი გეგმავს, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში პატრიარქს ესაუბრობს.

ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 95,501 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 53,399 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი.

კომენტარები