არჩევნები 2020

ჯაფარიძე უგულავას და რურუას წერილებზე: ეს არის პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი მიდგომა

მთავარი არხი

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გიორგი რურუას და გიგი უგულავას ციხიდან გავრცელებულ წერილებს სახელმწიფოებრივ და პასუხისმგებლიან მიდგომას უწოდებს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი მეგობრებს მოუწოდებს, მასზე არ იდარდონ, შეინარჩუნონ ერთობა და ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. უგულავას თქმით, არ სურს, მისი გამოშვების საკითხი ბარიერი იყოს. რაც შეეხება გიორგი რურუას, მისი განცხადებით, სასწორზე უფრო მნიშვნელოვანი რამე დევს, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობაა. ის სრულ ნდობას უცხადებს მეგობრებს და თანაპარტიელებს.

"ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის პასუხისმგებლიანი მიდგომა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდი გარემო. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი უახლოესი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით შეთანხმება მიღწეულ იქნას ხელისუფლებასთან, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, იმიტომ, რომ როგორც ხედავთ, ხელისუფლება ვაჭრობს მანდატებით, მაგრამ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, მთავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები" - თქვა ჯაფარიძემ.

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები