საარჩევნო სისტემა

ბურჯანაძე: მხოლოდ პროპორციულის მიღება საარჩევნო გარემოს ნაწილობრივი გაჯანსაღება იქნება

ტაბულა

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების საკითხი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში კვლავ აქტუალურია და ამ პირობის შესრულების გარეშე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოხდება. 

ბურჯანაძის თქმით, თუკი ქართული ოცნება მოლაპარაკებების მაგიდაზე მიიტანს ქვეყნისთვის იმაზე კარგ საარჩევნო მოდელის ვარიანტს, ვიდრე დღემდეა შემოთავაზებული, ოპოზიციური პარტიები ამ მოდელს მხარს დაუჭერენ იმისდა მიუხედავად, პოლიტპატიმრების საკითხი მოგვარდება, თუ არა, თუმცა ბურჯანაძისვე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება ამ პირობის შესრულების გარეშე ვერ მოხდება. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელისუფლებისთვიდან მივიღოთ ელჩების თანდასწრებით პირობა იმაზე, რომ პატიმრებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ ძალიან სერიოზულ გარანტიებს, რომ შეწყდება დევნა და დაიწყება ამ ადამიანების გათავისუფლებაზე ზრუნვა,"- თქვა ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას. 

ბურჯანაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ძალიან ღირსეულად მოიქცა, როდესაც თქვა, რომ თუკი ხელისუფლება მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ ვარიანტს შესთავაზებს ოპოზიციურ პარტიებს, ის ციხიდან მოუწოდებდა ამის მხარდაჭერისკენ. 

"არსებობს ნაწილობრივი გამოჯანმრთელება, როდესაც ადამიანს შეუძლია წამოდგეს ფეხზე და თავის თავს მიხედოს და არსებობს სრული გამოჯანმრთელება. თუ იქნება მიღებული მხოლოდ საარჩევნო მოდელი, ეს იქნება,"- ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ოპოზიციური პოლიტიკოსის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ძალიან ცოტა დრო დარჩა და კანონპროექტის მხარდაჭერა არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური დევნის საკითხის დაყენებაზე ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ. 

"12 მარტს, მაგალითად, ხელისუფლებამ რომ გვითხრას, რომ უგულავასაც ვუშვებ და კანონსაც ვიღებთ, უკვე კანონის შეცვლას ვეღარ მოასწრებს ამიტომ, ეს დრო აქ ძალიან მნიშვნელოვანია. უგულავას პირობითად ვამბობ, თორემ ვგულისხმობ თამლიანსაც და სხვებსაც, ბუნებრივია," - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

იმავეს ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, ისინი არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს დაუჭერენ, თუმცა ეს ვითარების ნორმალიზებას არ ნიშნავს. 

ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ორ ურთიერთდაკავშირებულ პირობას აყენებენ - არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიპატიმრების გათავისუფლებას. 

ქართული ოცნება ჯერჯერობით არცერთ პირობას არ ასრულებს. მათ მიერ შეთავაზებული ბოლო მოდელი, რომელიც მანდატების 100/50-ზე ან 110/40-ზე განაწილებას გულისხმობს, ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია, რადგან მათი განმარტებით, არსებითად პროპორციული მოდელი მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილების პრინციპია. 

კომენტარები