თალაკვაძე: საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

მისი თქმით, მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით. 

"ქვეყანაში ძალიან აქტიური ღონისძიებები ხორციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები, რათა მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება. დარწმუნებული ვარ, როცა საბოლოო ჯამში ინფექციის გავრცელების ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ, თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენ მიერ  გატარებულმა ღონისძიებებმა," - თქვა თალაკვაძემ. 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ღონისძიებებში.

"საქართველოს პარლამენტსაც უკვე შესასვლელებში და შეკრების ადგილებში დამონტაჟებული აქვს სპეციალური დისპენსერები, სადეზინფექციო საშუალებები, რომლითაც  შეიძლება მოქალაქეებმა ისარგებლონ. ასევე პერიოდულად მიმდინარეობს იმ ზედაპირების დამუშავება სპეციალური ხსნარებით, რომელთანაც გვაქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი. ეს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას, სამსახურებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა,  გადამწყვეტი იქნება ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებაც , რომ მათაც ხელი შეუწყონ მაქსიმალურად იმ ღონისძიებებს, რომელიც პრევენციას ემსახურება“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები