ჭიაბერაშვილი: მთავრობა ბევრ ისეთ ღონისძიებას უნდა ატარებდეს, რაც NCDC-ის სფეროს სცილდება

ევროპული საქართველოს წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წერს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის პროფესიონალიზმი საკმარისი არ არის და მთავრობამ ბევრი სხვა ღონიძიებაც უნდა გაატაროს, რომელიც NCDC-ის კომპეტენციას სცდება.

"მთავარია, არ იყოს პანიკა! N2

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამირან გამყრელიძისადმი ჩემი ნდობისა და პატივისცემის მიუხედავად, ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ "ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს".

ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, სცილდება ამ ორი ადამიანის საქმიანობის სფეროს.

დუმს განათლების სამინისტრო.

არადა სკოლების 27%-ში ხელსაბანი არაა. საპონი იქაც არაა, სადაც ხელსაბანია.

დუმან მუნიციპალიტეტები.

ბაღები მათი ქვემდებარეა. ვინმე დამატებით ტრენინგს/ახსნა განმარტებას აღმზრდელებს, მასწავლებლებს უტარებს?

არაფერი ვიცით ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიღმა.

თუ საზღვარზე შემსვლელები რისკ-ჯგუფია, დამხვედრები ანუ მესაზღვრე-პოლიციელები, მებაჟეები, პერსონალი?

პირბადეები ჯანმრთელებს არ სჭირდებათ, მაგრამ ვისაც ახველებს და სხვა სიმპტომები აქვს, მათთვის არის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგი, რომ მედპერსონალი დავიცვათ?

სტანდარტული ანტი-ვირუსული მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მარაგი შემოწმებულია? თუ პირბადეების დარად, მაგაზეც მხრებს ავიჩეჩავთ, რომ დაგვჭირდეს?

ტურიზმის სექტორს როგორ უჭირს უკვე, ვინმემ მოიკითხა?

მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს (არის კიდეც!) და ამით გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ.

პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე კითხვებზე პასუხი მოვთხოვოთ!", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

დღეს, 28 თებერვალს საქართველში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. NCDC-ის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჯერად ანალიზი 2 ადამიანს უტარდება და სავარაუდოდ, ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება.

 

კომენტარები