კორონავირუსი საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

ამირან გამყრელიძე
NCDC

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მისცა რეკომენდაციები.


"მთავარი რეკომენდაცია გახლავთ შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც არის კორონავირუსული ინფექციის მაჩვენებელი, ესენია: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, და ეს რეკომენდაციები მოგეხსენებათ რო განხორციელდა. შეზღუდულია მიმოსვლა და ასევე, რეკომენდაციას ვაძლევთ მოსახლეობას თუ აუცილებლობა არ არის არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში",— განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"დანარჩენი რეკომანდაციები გახლავთ ზოგადი ჰიგიენური რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვიძლევით რესპირაციული დაავადებების გავრცელების სეზონების დროს. ეს არის: კარგი ჰიგიენური პირობების დაცვა, ანუ, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის მორიდება, თუ კი მივდივართ ასეთ ადგილებში და გვაქვს რესპირაციული დაავადების სიმპტომები ქირურგიული პირბადის გამოყენება. და რაც მთავარია თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები: ხველა, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება და უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ამ ჩამოთვლილ ქვეყანაში აუცილებელია პირველივე შემთხვევაში მივმართოთ ექიმს. ოჯახის ექიმს ან შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს, თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები."

ამირან გამყრელიძემ, ასევე, ისაუბრა ახალი კორონავირუსის მახასიათებლებზე და ქვეყნის მომზადების დონეზე. გამყრელიძის ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ არა იმდენად სერიოზულს რამდენადაც წინა წლებში გავრცელებული ინფექციები.

"მე მინდა ხაზი გავუსვა ამ ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია გახლავთ სერიოზული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, არა იმდენად სერიოზული როგორიც მისი წინა მავალი ინფექციები, დიახ დღეს მსოფლიოში გამოცხადებულია პანდემიური მზადება, ამიტომ ეს მოულოდნელი ჩვენთვის არ იყო. დღეს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, მათ შორის პანდემიურ ინფექციებთანაც, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამიტომ, გთხოვთ კიდევ ერთხელ ვიყოთ მშვიდად, ნუ ავყვებით პანიკას, ვისარგებლოთ იმ ინფორმაციით, რაც ვრცელდება ოფიციალური საინფორმაციო წყაროებით, ვიქონიოთ კონტაქტი ოჯახის ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა ცხელი ხაზის, ფეისბუკის მეშვეობით და მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობასთან კომუნიკაციასთან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 26 თებერვალს განაცხადა. ტიკარაძის ცნობით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია.

"პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეს არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია', — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 14 ადამიანთან დაკავშირებით, რომელთა ტესტის პასუხიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს მარინე ეზუგბაია ამბობდა, თითოეულ პაციენტზე ტესტის ჩატარება დროში გაიწელა, რადგან "14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად, რადგან ტესტს თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შესრულება და დრო".

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები