გირჩი

ჯაფარიძე მერაბიშვილზე: გირჩი ოპოზიციის ერთიან ხედვაზე მუშაობს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

გირჩი

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც იმის კეთებას აგრძელებს, რაც, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ერთიან ხედვაზე მუშაობას. ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერაბიშვილი და ჩაერთვება თუ არა ის მოლაპარაკებებში, მისთვის უცნობია.

"შვიდი წელი იჯდა ადამიანი. როგორც გავიგეთ, აპირებს პოლიტიკურ აქტიურობას, ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რას იზამს. ჩვენ, გირჩი, ვაგრძელებთ იმის კეთებას რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი აზრით - ოპოზიციური ფლანგის ერთიან ხედვაზე მუშაობას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე მერაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებას „წლის ბოლომდე დაამხობს“.

„ხელისუფლება რომ შესაცვლელია, მაგაზე სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე. ვიღაცებს ჰგონიათ რომ თუ უფრო მკაცრ და მყვირალა ტერმინებს გამოიყენებენ, ამით უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებენ ბრძოლაში. მე ასე არ მგონია, მაგრამ ტერმინები მათი არჩევანია“.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს, 20 თებერვალს დატოვა. მას პატიმრობის ვადა ამოეწურა. მერაბიშვილმა ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა.

გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ არ იცის, რომელ პარტიას შეუერთდება და ამისთვის მოლაპარაკებებს და შეხვედრებს გააგრძელებს. მან არ უპასუხა კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა გადაწყვეტილების მიღებისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რომ არა ვანოს გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუჭირდებოდა.

მისივე თქმით, იძლევა გარანტიას, რომ "ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა".

შს ყოფილი მინისტრი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტება, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და აკურას ღვინის ქარხნის საქმე. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები