პოლიტიკური დევნა

ქართუს საქმეზე მელიას განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, სააპელაციომ პროცესი 10 მარტს ჩანიშნა

reginfo.ge

მთავარმა პროკურატურამ ქართუს გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე, 2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ მას 3 წლით და 2 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა. ამ განაჩენის შემდეგ, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული. ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი მდინარაძის თქმით, პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 30 დეკემბერს შევიდა, საქმეს მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს.

"ასეთ რთულ და მოცულობით საქმეებს, როგორც წესი, პალატა იხილავს ხოლმე, ანუ სამი მოსამართლე, ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია ერთი მოსამართლე. ჩემი მოლოდინია, ჩვენ ვითხოვთ, რომ გამართლდეს ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოლოდინი და სურვილი ეს არის. თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე უკვე აღარ ვიცი, რას უნდა ველოდო, ვნახოთ, ჩემი იმედია, რომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, გამართლდება" - ამბობს მდინარაძე.

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში. ხოლო უდანაშაულოდ - სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის დახმარების ნაწილში.

"ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

პროკურატურის მტკიცებით, ბანკის გაკოტრების მიზნით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. 

პროკურატურის მტკიცებით, იმისთვის, რათა ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, "აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებდა".

კომენტარები