ქართული ოცნება

კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

ქართული ოცნება

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სტრასბუეგში ევროპარლამენტარებს, მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ.

ინფორმაცია ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა. პარტიის ცნობით, მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია,"- თქვა კალაძემ, "ოცნების" პრესსამსახურის ცნობით.

პრესრელიზში ასევე წერია, რომ კობახიძემ და კალაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრეს. პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს უთხრეს, რომ "ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს".

"ოცნების" ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის, შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილიც ესწრებოდნენ.

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები შეხვდნენ, უგულავას დაკავებაზე 11 თებერვალს განაცხადა, რომ "ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციონერებზე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არაა".

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც უგულავას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. სწორედ ამის გამო თქვა ოპოზიციამ უარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებაზე - მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

უგულავას დაკავებას ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოები გამოეხმაურნენ და მიუთითეს, რომ ეს ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგს საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს".

ევროკავშირის განცხადებით, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ იზიარებს შეხედულებას, რომ უგულავას დაპატიმრება "პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს".

კომენტარები