კითხვები ეკატერინე ტიკარიძეს

ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 კითხვა ჯანდაცვის მინისტრს

ტაბულა

დღეს, ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარიძეს 6 კითხვა დაუსვა.

ჭიაბერაშვილის კითხვები შეეხებოდა 21 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ 520-ე დადგენილებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებულ ხარვეზებს, სოციალურად დაუცველთათვის შემწეობების შემცირებას და სოციალურ მუშაკებს.

"1. 520-ე დადგენილებას უკვე მოყვა საავადმყოფოებიდან მედპერსონალის ნაწილის გაშვება, ნაწილისთვის კი ხელფასების შემცირება. ელოდებით თუ არა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ პაციენტების მკურნალობის ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება? აღსანიშნავია, რომ 520-ე დაგენილებამდეც, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანების გამო, უკვე პრობლემები შეექმნა საავამყოფოებს და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებდა ხელფასს.

2. 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც ფასების გაძვირების გამო წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში. ამ პროგრამის დაწყებიდან მესამე წელსაც რატომ ვერ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების
ინსტრუმენტად ექცია? მით უმეტეს, რომ 2017, 2018 და 2019 წლებში ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხები ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა. თუ მედიკამენტის კომპონენტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატება, რისკენაც წლებია მოგიწოდებთ, გაიზრდება თუ არა მოსარგებლეთა რაოდენობა და მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც გაჭირვებული მოქალაქეები მიიღებენ?

3. 2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორები დავით სერგეენკო, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძეა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება. რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? როგორ აპირებთ დარჩენილი 70,000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენასა და მკურნალობას, რომ ელიმინაცია 2022 წელს მაინც მოხდეს, როგორც ამას ბატონები სერგეენკო და გამყრელიძე საჯაროდ გვპირდებიან? კერძოდ, რატონ ვერ მოხერხდა პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში სკრინინგის ამბულატორიულ დონეზე დანერგვა?

4. 2019 წლის მაისში საარსებო შემწეობას დაახლოებით 467,000 სოციალურად დაუცველი იღებდა, 2019 წლის დეკემბერში კი - 427,000. რამ გამოიწვია საარსებო შემწეობის მიმღებთა 40,000-ით შემცირება მაშინ, როდესაც ფასების მატება, შემოსავლების სტაგნაციისა და უმუშევრობის ფონზე, ოჯახების დიდ ნაწილს სულ უფრო მეტად დაუცველს ხდის?

5. გამწვავებული სოციალური და ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სოციალური მუშაკების აქტიურ საქმიანობაზე. წელიწადზე მეტია, სოციალური მუშაკები მთავრობის მხარდაჭერას ითხოვენ, რომ მათ უფრო მეტ ოჯახს უფრო მეტი კვალიფიციური დახმარება გაუწიონ? რატომ უპასუხეთ სოციალური მუშაკების სამართლიან მოთხოვნებს მათი სამსახურიდან დათხოვნით და ამ სფეროში კიდევ უფრო მწვავე კრიზისის შექმნით?

6. შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. რატომაა, რომ წლებია, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა ამ მოდელის ამოქმედება?", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში და "მინისტრის საათის" ფორმატში ეკატერინე ტიკარიძეს დეპუტატები მოუსმენენ.

კომენტარები