თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ხაბეიშვილი: ზარქუას ჩვენების საფუძველზე პროკურატურამ ბრალი წარმიდგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე მას პროკურატურამ ცემის მუხლით წარუდგინა ბრალი. 

ტაბულა ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

"აკი ვიწინასწარმწტყველე. ბრალს მიყენებენ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე, სასტიკად გამისწორდა ხაბეიშვილი და ფაქტობრივად სრულიად "ოცნება" დაგვარბიაო. მოახერხეს და ჩემზეც უნდა აღძრან სისხლის სამართლის საქმე. ტატამია, ტატამი,"- წერს ხაბეიშვილი. 

ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენამდე პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. 

იმავე განცხადების მიხედვით, უწყებამ ქართული ოცნების საკრებულოს სამ დეპუტატს, თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძეს და ავთანდილ ცინცაძეს 24 იანვარს საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. 

კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც ამჯერად დაპირისპირება ხაბეიშვილსა და ზარქუას შორის მოხდა. ხაბეიშვილი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლო იყო ბრალი მისთვის წარედგინათ და დაებრალებინათ "ამ ტურების, სვავების და ლაჩრების ცემა".

კომენტარები