თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

"ზარქუაზე ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედებებისთვის" ხაბეიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

პროკურატურამ თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე (სსკ-ის 126-ე მუხლი) საკრებულოს ქართული ოცნების წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პარალელურად, ლევან ხაბეიშვილი შსს-მ "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე", საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით დაიბარა.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა. ხაბეიშვილი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, ბრალი მისთვის წარედგინათ და დაებრალებინათ "ამ ტურების, სვავების და ლაჩრების ცემა".

კომენტარები